ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას - ევროპარლამენტარებს გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს ხვალ შეხვდება.
„რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა არ მიესადაგება ეს თემა. რატომ – ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენა და სწორედ ეს კრიტერიუმები ამ შემთხვევაში არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, უკვე არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.