უილიამ ბარნსი: ბევრი ჭორი ვრცელდება პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სრულიად ჯანმრთელია

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის უილიამ ბარნსის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია არ არსებობს. როგორც BBC წერს, მანამდე, მედიაში ვრცელდებოდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ პუტინი, რომელსაც წელს 70 წელი შეუსრულდება, შესაძლოა, კიბოთი იყოს დაავადებული. მაგრამ უილიამ ბარნსის თქმით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, ის ხუმრობით ამბობს, რომ პუტინი „ზედმეტად ჯანმრთელადაც“ კი გამოიყურება.

„ბევრი ჭორი ვრცელდება პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სრულიად ჯანმრთელია“, - განაცხადა CIA-ს დირექტორმა და დაამატა, რომ ეს არ არის დაზვერვის ოფიციალური განცხადება.

რაც შეეხება პუტინის გეგმებს უკრაინაში, CIA-ს დირექტორის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის გეგმები უაღრესად მცდარ ვარაუდებსა და რეალურ ილუზიებს ეფუძნება, განსაკუთრებით, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის საკითხზე, მიიჩნევს, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი უილიამ ბარნსი.

„ბატონი პუტინი დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც რუსეთის ლიდერის ფუნქციაა, აღადგინოს რუსეთი, როგორც დიდი ძალა. მას მიაჩნია, რომ ამის გასაღები არის რუსეთის სამეზობლოში გავლენის სფეროს ხელახლა შექმნაში და მას არ შეუძლია ამის გაკეთება უკრაინის კონტროლის გარეშე“, - აღნიშნავს უილიამ ბარნსი.