რუსეთის პრეზიდენტის გეგმები უაღრესად მცდარ ვარაუდებსა და ილუზიებს ეფუძნება, განსაკუთრებით, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის საკითხზე, მიიჩნევს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი უილიამ ბარნსი.
„ბატონი პუტინი დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც რუსეთის ლიდერის ფუნქციაა, აღადგინოს რუსეთი, როგორც დიდი ძალა. მას მიაჩნია, რომ ამის გასაღები არის რუსეთის სამეზობლოში გავლენის სფეროს ხელახლა შექმნაში და მას არ შეუძლია ამის გაკეთება უკრაინის კონტროლის გარეშე“, - აღნიშნავს ულიამ ბარნსი.
"პუტინს ნამდვილად სჯერა მისი რიტორიკის. წლების განმავლობაში გვესმის მისგან, რომ უკრაინა არ არის რეალური ქვეყანა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ კარგი, რეალური ქვეყნები იბრძვიან. და ეს არის ის, რაც უკრაინელებმა გააკეთეს", - განაგრძო ბარნსმა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინაში მოკლულია 15 000-მდე რუსი სამხედრო, დაჭრილთა რიცხვი კი, დაახლოებით სამჯერ მეტია.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CIA-ს დირექტორი უილიამ ბარნსი 2021 წლის ნოემბერში მოსკოვში გაგზავნა, რათა გაეფრთხილებინა კრემლი, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის საზღვრის მახლობლად ჯარების მობილიზებას. ბერნსი შეეცადა დაედგინა, რა არის რუსეთის ქმედებების მოტივაცია. ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა.
მედიაში 2 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბარნსი რუსეთს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია და უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა. უილიამ ბარნსს რუსეთში ამერიკის ელჩის თანამდებობა 2005 წლიდან 2008 წლამდე ეკავა.
ცნობისათვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 20 ივლისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის კიდევ ოთხ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS), რომელიც ოფიციალურად, ამ კვირის ბოლოს გამოცხადდება. ამავდროულად, უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ მიმართა აშშ-ის კონგრესს და სთხოვა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა „უკრაინელების წინააღმდეგ ტერორი შეჩერდეს". მისი თქმით, იარაღს შეუძლია, უზრუნველყოს „ერთობლივი დიდი გამარჯვება".
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები მოხდება. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინა HIMARS-ს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობების განადგურების მიზნით იყენებს, რითაც რუსეთის სერიოზულ ზიანს აყენებს.
„იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით კამპანიას და ის წარმატებული იქნება. HIMARS-მა ომში თამაშის წესები შეცვალა“, - განაცხადა რეზნიკოვმა Financial Times -თან ინტერვიუში 15 ივლისს.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.