"საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა 152 განცხადება/შეტყობინება მიიღო. მათგან - 73 (48%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო დაწესებულებებში, 40 (26%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 39 (26%) — სამართალდამცავ ორგანოებში", - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 4 თვის ანგარიში გამოაქვეყნა, აღნიშნულ ანგარიშში სტატისტიკური მონაცემები 2022 წლის 1 მარტიდან - ივნისის ჩათვლითაა წარმოდგენილი.
„სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების 38 შემოწმება (ინსპექტირება). მათგან 32% (12) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 68% (26) — არაგეგმურად.
გამოვლინდა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 36 ფაქტი. სამსახურის მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 56% (20) შეეხებოდა კერძო სექტორში, 33% (12) — საჯარო სექტორში, ხოლო 11% (4) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.
გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთაგან 18 პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 15 პირს — გაფრთხილება.
სამსახურმა გასცა 1084 კონსულტაცია, 49 დავალება და რეკომენდაცია;
სამსახურმა ჩაატარა 13 საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი 490 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდნენ როგორც მონაცემთა სუბიექტებს, ისე მონაცემთა დამმუშავებლებს.
სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 53 შემთხვევაში გამოიყენა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
იხილეთ ანგარიში ბმულზე.