„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.
„დღეს გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა დევიდ მაკალისტერი. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვქონდა საუბარი მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგშია. ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. შევეხეთ ამომწურავად ამ თემას.
მათ შორის ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით, როგორის არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკეული ჩანაწერები, რომლებიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებებში. რა თქმა უნდა, ამ საუბრის შინაარსს დეტალურად გარეთ ვერ გამოვიტანთ. ეს იყო დახურული შეხვედრა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვას, განიხილეს თუ არა ომში ჩართვის საკითხთან დაკავშირებული განცხადებები, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე დეტალურად არ უსაუბრიათ.
„ჩვენ თუ რამის თქმა გვინდა, ამას ვიტყვით იმ ფორმით და იმ დროს, როცა საჭიროდ ჩავთვლით. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოების წინაშე, არის ის, რომ ომის თავიდან აცილება ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. მადლობა ღმერთს, ამ მიზანს მივაღწიეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან გამოიყენება პოლარიზაციის გაღრმავებისთვის.
„საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხის გარეთ გამოტანა ჩვენი პრეროგატივა არ არის. მე შემიძლია გითხრათ, რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან და იმედი გვაქვს, ჩვენი პოზიციები სამომავლოდ, მხედველობაში იქნება მიღებული, რათა შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „დღეს დამსწრე ევროპარლამენტარების უმეტესობა მიუკერძოებელი იყო ამ შეხვედრაზე“. კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარებს ჰქონდათ ჯანსაღი რეაქცია იმ საკითხებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრებმა დასვეს.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის ბოლოს ისაუბრა, რომ ევროკავშირის ელჩის საკითხსაც შეეხნენ შეხვედრისას.
„ჩვენ განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და შეგვიძლია, ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაციაც მივაწოდოთ. საჯაროდ საუბრისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ მეგობრებს, ევროპარლამენტარებს შეგვიძლია, გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია, თუ რაში გამოიხატებოდა ეს უარყოფითი როლი და კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი ელჩი სხვაგვარად იმოქმედებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.