სალომე ზურაბიშვილი: არსად გამიგია მოთხოვნა - ჩაერთეთ ომში, ეს არის მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას

საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს პარტნიორების მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომში საქართველოს ჩართვას არავინ ითხოვს და ამის დასტურად მის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ვიზიტები მოჰყავს. აქვე ზურაბიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მმართველი გუნდი ბრიუსელში სათანადოდ არ მუშაობს და არც ასეთი ვიზიტები უნახავს. 

„არსად გამიგია მოთხოვნა - ჩაერთეთ ომში, ეს არის მოგონილი და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას, სხვაგან, ევროპაში არ გამიგია“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

„დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში. ეს არის გაგრძელება იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენს მიმართ – ევროპულმა საბჭომ მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე, როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, ასე იყო ნათქვამი – თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, იმ კომიტეტის სწორედ, რომელიც საქართველოზე და საგარეო საკითხებზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელში და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ.

არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ორმაგი თამაში - ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და არათუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია, საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ. დაწყებული შარლ მიშელის გადაგდებით, დოკუმენტის ანულირებით... ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში - კრედიტზე უარი საკმაოდ უხეშად; სასამართლოს გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით შემდეგ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა წელს, ფასდება უარყოფითად. ამასთან ერთად არის წარმოუდგენელი რიტორიკა - გვესმის დაუსრულებელი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე...“, - აღნიშნა პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.


ჟურნალისტმა ზურაბიშვილს მიმართა, რომ ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ეს არ არის თავდასხმა, საპასუხოდ პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრების განცხადებები წაიკითხა.

„ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“ -კობახიძე, 20 მაისს. ეს არ არის თავდასხმა?! ეს არის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა?! ეს კრიტიკა არ არის. შემდეგ - მდინარაძე, 9 ივნისი - 10-ზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. მერე სხვები ამბობენ, რომ ეს არასდროს გვითქვამსო. ყველა ხედავს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა მიმდინარეობს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.