საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო უჩივლა, ყველა ელჩის ოფიციალურ წარდგენაზე ხელი მოწერილი ჰქონდა. ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ ერთადერთი ელჩი, რომლის წარდგენასაც ხელი არ მოაწერა, დავით ბაქრაძეა. მისი დანიშვნა მმართველ გუნდს გაეროში სურს.
„37 ელჩი იქნა წარდგენილი, რაც მე გავხდი პრეზიდენტი. 36-ზე ხელი მოვაწერე. მგონი, მაქსიმუმი დრო, რაც გავიდა, იყო ერთი კვირა, თუ 10 დღე იყო. მოგცემთ სიას და მათ ჰკითხეთ, ერთი რჩება, 37-ე, დავით ბაქრაძე, რომლის წარდგენა მივიღე 15 ივლისს, რამდენიმე დღის წინ. მათი საკონსტიტუციო სარჩელი დიდი ხნის წინ არის უკვე გადაცემული. იმ დროისთვის არც ერთი ოფიციალური და ვიმეორებ, ფორმალური წარდგენა, რაც ჩემთან მოვიდა წერილობით, ყველა იქნა დაკმაყოფილებული, ასევე ელჩების გამოწვევა.
ბაქრაძესთან დაკავშირებით არ იყო მოსული [მოთხოვნა], ახლა მოვიდა. რასაც არ ამბობენ – ყველა პრემიერის დროს, წინა პრეზიდენტების დროსაც იგივე იყო, არსებობდა ორი ნაწილი ელჩების დანიშვნის პროცესში.
ერთი ნაწილია კონსულტაციები, სადაც საგარეო მწერს, კონფიდენციალური ნაწილი, რომ ვაპირებთ, ან დგება შეხვედრა და მერე ამ შეხვედრის ოქმში, რაზე შევთანხმდით, რა არგუმენტები, როგორ. მერე მხოლოდ, როცა შეთანხმებაა, მოდის ოფიციალური წარდგენა. ასე ვმუშაობდით მთელი ეს პერიოდი და საკმაოდ ნორმალურად მიდიოდა ეს პროცესი. გაიჭედა ბაქრაძეზე. რატომ, პირდაპირ გეტყვით – ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება და შემიძლია, შევაფასო, ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის ორგანიზებული, არა იქით, არა აქეთ. მე ვერ შევძელი, მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის. ორივე თხოვნა მქონდა საელჩოსთან და ვერაფრით მოხერხდა. ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არც ერთი სტატია, არც ერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში. წავიდეს სხვაგან. მე შევთავაზე, რომ კანადაში წასულიყო. არა, ეს არ მიიღეს, თქვეს, რომ უთუოდ უნდა წასულიყო გაეროში, რაზეც არ დავეთანხმე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.