შსს-მ სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოებისას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას პირთა ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს ხუთ კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი, 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას.

შესაბამისი ნებართვის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ „საშვის მაძიებლის განაცხადის“ ფორმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე: bpg.gov.ge/page/public-relations/information-for-tourists თან დაურთონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემთა გვერდის ასლი და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. საშვის მიღება შესაძლებელია როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (ქ. თბილისი, კანდელაკის ქ. N12), ასევე, სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოებში და სასაზღვრო სექტორებზე.

2022 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, სამართალდამრღვევი პირების მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 190-ე მუხლით არის გათვალისწინებული.

შსს-ს ცნობით, სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევისთვის დადგენილია შესაბამისი ჯარიმები, კერძოდ:

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით;

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი საქმიანობის, ობიექტის მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით;

ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 300 ლარის ოდენობით;

სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და აეროგადაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით;

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით;

ზემოაღნიშნული ერთ-ერთი ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და აეროგადაღება, სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება ან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება/განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

matsne.gov.ge/ka/document