რუსეთი უკრაინული ფოლადის ექსპორტს რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული მარიუპოლიდან, უკანონოდ ახორციელებს. ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ქარხნის მფლობელმა კომპანია Metinvest-ის გენერალურმა დირექტორმა იური რიჟენკოვმა განაცხადა.
რიჟენკოვის თქმით, ქარხნებიდან და პორტებიდან მოპარული ფოლადის ჯამური ღირებულება $600 მილიონია. მან აღნიშნა, რომ საუბარია არა მხოლოდ უკრაინულ ფოლადზე, არამედ ევროპელ მომხმარებლებზე უკვე გაყიდულ პროდუქტებზე, რომელიც კომპანიამ დამკვეთებს ვერ მიაწოდა.
რიჟნიკოვის თქმით, მოპარული პროდუქტები რუსეთის შიდა ბაზარზე იყიდება და ასევე აფრიკისა და აზიის ქვეყნებში იგზავნება. Metinvest-ი ადასტურებს ქურდობის ფაქტებს და სასამართლოში წასასვლელად ემზადება, - აღნიშნა კომპანიის ტოპ მენეჯერმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ BBC-ისთან რიჟენკოვის განცხადებებზე კომენტარი არ გააკეთა.