„უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძარცვა გრძელდება“, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპანტები უკრაინულ რესურსებს იპარავენ, -. უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა რუსული გემების მერ მარიუპოლის პორტიდან ლითონის გატანასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „უკრაინული მარცვლეულის ქურდობის შემდეგ, ოკუპანტებმა მარიუპოლიდან ლითონის პროდუქტების ექსპორტი დაიწყეს“.
დენისოვამ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ გემი 3000 ტონა ლითონის ნაწარმით დაიტვირთა. როგორც მისი გზავნილიდან ჩანს, ოკუპაციამდე მარიუპოლის პორტის ტერიტორიაზე 170 მილიონი დოლარის ღირებულების 200 000 ტონა ლითონი იყო დაგროვილი.
მარიუპოლის პორტში რუსული გემი გუშინ შევიდა და ლითონით დაიტვირთა. რუსული მედიის ცნობით, გემი, რამდენიმე დღეში პორტს დატოვებს და როსტოვის მიმართულებით წავა.
უკრაინის ფოლადის უმსხვილესმა მწარმოებელმა, „მეტინვესტმა“, ომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მარიუპოლის პორტში ხუთი გემია, რომლებიც უკვე დატვირთულია ათიათასობით ტონა ფოლადით. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, რუსეთმა სცადოს ამ გემების ჩამორთმევა და ტვირთთან ერთად პორტიდან მათი უკანონოდ გატანა.
რუსული მედიის მტკიცებით, რუსულ გემს მარიუპოლის პორტიდან ლითონი „სპეცოპერაციის დაწყებამდე“ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად გამოაქვს. 26 მაისს რუსეთის სამხედრო სარდლობამ მარიუპოლის პორტის წყლის ტერიტორიის ნაღმებისა და ჩაძირული გემებისგან სრული გაწმენდის შესახებ განაცხადა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.