პარლამენტის წევრები, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მათივე ცნობით, მმართველი პარტიის პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე სხვა არაფერია, თუ არა სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან.
როგორც პარლამენტის წევრების განცხადებაშია აღნიშნული, გასულ წელს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები მკვეთრად უარყოფითად შეფასდა, ხოლო საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
„დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარუდგინა 12 წინაპირობა, რომელთა შორისაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ევროკავშირი და აშშ აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გაძლიერებას.
გასულ წელს ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, მკვეთრად უარყოფითად შეფასდა როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ასევე ყველაზე ავტორიტეტული პროფესიულ ინსტიტუტის – ვენეციის კომისიის მიერაც.
სწორედ ამ საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა საჯაროდ გამოხატა პოზიცია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე და მოითხოვა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილება, მიუხედავად არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა.
ჩვენ, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები, მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან იმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, მოსარჩელე მხარისთვისაც უცნობი იყო მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა, შესაბამისად მოსარჩელეებს არც მოსამართლის აცილების დოკუმენტი გადასცემია.
მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე მის განხილვამდე სხვა არაფერია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან და საქმის პოლიტიზაცია, რაც დაუშვებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და გამოხატა დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს.
"როდესაც ჩვენ ამ ნორმების განხილვა დავიწყეთ, საერთო სასამართლოების ერთ-ერთმა მოსამართლემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა პოზიცია, რომ ცვლილებები მოსამართლეთა დაშინებას, ზეწოლას და მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვას ემსახურებოდა. მისი ეს პოზიცია სოციალურ ქსელში მხარდაჭერილი და გაზიარებული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის მიერ, რომელიც აღნიშნულ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლეა.
წარმოიდგინეთ მოცემულობა - ადამიანი, რომელიც არის მომხსენებელი მოსამართლე, წინასწარ, ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ მოსამართლეთა დაშინებისა და ზეწოლის ნორმებს ვიღებდით.
ასეთ შემთხვევებში, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს, არსებობს ასეთი მოსამართლის აცილების ობიექტური და მყარი საფუძველი, ვინაიდან მან პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და იქნება მიკერძოებული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.