VTB-ის ყიდვაზე ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა - ეროვნული ბანკი

„ჩვენთვის ცნობილია, რომ VTB ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელსაც VTB ბანკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ავრცელებს. 

„ჩვენთვის ცნობილია, რომ VTB ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

გამომდინარე იქიდან, რომ VTB ბანკი არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე", - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, მედიაში დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვითიბი“ ბანკს დავით ხიდაშელი ყიდულობს.

ცნობისათვის, „VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ჩამოერთვა ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გადაეცა „ბაზისბანკს“, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“.

მაისის დასაწყისში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ შესაძლოა „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ გაიყიდოს. „ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, ვინ აპირებს ბანკის ყიდვას და არის თუ არა მსურველებს შორის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ლეჟავამ აღნიშნა, რომ ბანკის ყიდვით რამდენიმე ჯგუფია დაინტერესებული, რომელთა ვინაობა კონფიდენციალურია.