სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზებას შეუწყობს ხელს

ექსკლუზივი

Europetime-თან კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში საქართველოსთვის განკუთვნილ ახალ დაფინანსებაზე, რომლითაც შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან კონკრეტული სისტემებისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, მჭიდროდ იმუშავებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა აპრილში გამოაცხადა თავისი მიზნის შესახებ, საქართველოსთვის 2022 ფისკალური წლის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF) $35 მილიონის ოდენობის ახალი დაფინანსება უზრუნველყოს. ეს სახსრები საჭიროებათა ფართო სპექტრის დაკმაყოფილებას მოიცავს, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მოდერნიზებასა და საზღვაო დომენის ცნობიერების გაძლიერებას.

ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს თავდაცვის ძალებთან კონკრეტული სისტემებისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, მათ შორის ბრიგადის დონის კომბინირებული შეიარაღების ოპერაციებისთვის, ტაქტიკური აღჭურვილობის განლაგებისა და მოდერნიზებისთვის. ასევე მჭიდროდ ვითანამშრომლებთ კიბერუსაფრთხოების სფეროში და სხვა მთელი რიგი ძალისხმევის განხორციელების მიზნით“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, საქართველოს 1997 წლიდან, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში მიღებული აქვს $400 მილიონზე მეტი. 2021 წელს საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხები სრულად არის გადანაწილებული წვრთნებისა და NATO-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებითა და სისტემებით აღჭურვის პროგრამებზე და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხმარდება.