თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმა და აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, განსკუთრებულ დატვირთვას იძენს ახალი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც თბილისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირველ შეხვედრას უმასპინძლა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართა.
მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების, ასევე თურქეთის ჩართულობით მშვიდობის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება.
„ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა. მე პირადად ვესაუბრე თურქეთის მოძმე რესპუბლიკის, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს, რომელმაც ჩემთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად კმაყოფილი დარჩა შეხვედრაზე მიღწეული შედეგებით“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.