აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს.
„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ 2022 წლისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა.
მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება.
სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესს უჩივიან, ასევე, მიუთითებენ ხარვეზებზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; ბრალდებებზე პოლიტიკური ჩარევის შესახებ; რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების, საკუთრების უფლებების კუთხით. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედებას, ანგარიშში ვკითხულობთ:
„საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“.