შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე დიდ დახმარებას უწევს არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების მხრივაც, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ამერიკის ხმასთან“ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის ელჩის თქმით, ამერიკისა და საქართველოს ერთმანეთისგან დაშორება, საქართველოს უსაფრთხოების დასუსტებას და ვიწრო ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.
„საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან მისი დაშორების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - განაცხადა დეგნანმა.
ელჩის განცადებით, რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაჰყოს საქართველო და მისი მოკავშირეები ასეთ დროს. „საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე დიდი მეგობარი. ჩვენ საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან მუშაობას ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად - რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.