Bloomberg-ის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში სინგაპურში ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება $800 მილიონის ზარალს.
რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის შტატში იმავე ბანკთან ექვსწლიანი დავა მოიგო. ივლისის ბოლოს კი ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილი კომპანია Credit Suisse Life-ს ივანიშვილისთვის 607,35 მილიონი დოლარის გადასახდელად 42 დღე მისცა.
სექტემბრის სარჩელი ეხება Credit Suisse-ის კიდევ ერთ შვილობილი კომპანია Credit Suisse Trust-ს, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული.
Bloomberg-ის ცნობით, სასამართლო სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული.
სარჩელი სინგაპურში ხუთი წლის წინ დაწყებული სასამართლო პროცესის ნაწილია. პატრის ლესკოდრონი, ყოფილი ბანკირი, 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის თითქმის ათწლეულის სქემისთვის, რომელშიც მან გააყალბა ხელმოწერები, რათა დაეშვა არაავტორიზებული ტრანზაქციები მისი კლიენტების ანგარიშებზე და თავიდან აეცილებინა მზარდი ზარალი. ივანიშვილი მისი ყველაზე მსხვილი კლიენტი იყო, რომელთანაც Credit Suisse-მა დააარსა საინვესტიციო კომპანიები სინგაპურში, ბერმუდასა და ახალ ზელანდიაში.
ჟენევაში მიმდინარეობს გამოძიება, ეკისრება თუ არა ბანკს ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. Credit Suisse დღემდე ამტკიცებს, რომ ლესკოდრონი ბანკისგან დამოუკიდებლად და ფარულად მოქმედებდა.
ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დავას შვეიცარიულ საბანკო ჯგუფ Credit Suisse-თან განაგრძობს, ერთ-ერთ ბოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოში ყველაზე ველური კაპიტალიზმის პირობებშიც კი, არასოდეს შემხვედრია ის უხეშობა, რაც შემხვედრია Credit Suisse-თან ურთიერთობაში. არასოდეს მინახავს კლიენტს ასე ცუდად მოექცნენ. ეს იყო ისეთი მასშტაბის შოკი, რომ შეცვალა ჩემი შეხედულება სამყაროზე“.
ივანიშვილის თქმით, ბანკის პასუხისმგებლობა იყო ლესკოდრონის ქმედებების აღკვეთა.
Credit Suisse აცხადებს, რომ მიმდინარე დავებზე კომენტარს არ აკეთებს.