ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა.
„სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია. დაშავებული ქართველი ამოიყვანეს ვინც იყო, ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გადაყავს,“ - განაცხადა გომელაურმა.
შს მინისტრის განცხადებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
„ძალიან ცუდი უბედური შემთხვევა მოხდა. კადრებიც გავრცელდა. ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა. მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ექსპერტები იმუშავებენ მართვის დაკარგვის მიზეზის დასადგენად“, - განაცხადა მინისტრმა.
დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.