შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანით ფრენაზე ლიცენზიის გაცემის საკითხი უნდა გადაიხედოს. მისი თქმით, ამ მიმართულებით რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.
„პარაპლანით ფრენები დიდი პრობლემაა ნამდვილად. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. რა თქმა უნდა, არის გარდაცვალების ფაქტებიც. ალბათ, უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული, არ ვიცი, აქ რატომ ხდება ასე ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების - ქარია, ხეობებია, ან არიან არაპროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა, საინტერესოა.
ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. მანამდე, სანამ ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანით ფრენა და შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია ადამიანებზე, ვინც პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება“, - აღნიშნა გომელაურმა.
დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩავარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.