გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
- გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა
- გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.
ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.