გაეროს სააგენტოთა ჯგუფი გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავს ეხამურება. განცხადების თანახმად, საქართველოს განვითარების მხარდაჭერისთვის სამი ათწლეულის განმავლობაში მუშაობის შედეგად გაერო დაეხმარა ქვეყანას ადამიანური და ინსტიტუციური პოტენციალის განვითარებაში და შესაძლებლობების შექმნაში ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობისთვის.
ოცდაათი წლის წინ, 1992 წლის 31 ივლისს, გაეროს გენერალური ასამბლეის 46-ე სესიის 88-ე პლენარულ შეხვედრაზე საქართველო გაეროს ოჯახის წევრი გახდა. გაეროში გაწევრიანებამ შესაძლებლობა მისცა საქართველოს ახლად დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აღიარებულიყო ერების გლობალური თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრად და დაედასტურებინა ერთგულება მულტილატერალიზმისადმი. მას შემდეგ საქართველო თანმიმდევრულად უჭერს მხარს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს მშვიდობისა და უსაფრთხოების, განვითარების, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების სფეროებში, როგორც ეს გაეროს წესდებაშია გაწერილი.
გაერო-საქართველოს პარტნიორობის პირველ წლებში, გაეროს გადაუდებელმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა 1992-93 წლების კონფლიქტებისა და 1990-იანი წლების დასაწყისის ეკონომიკური სირთულეების შემდგომ ქვეყნის აღდგენის მცდელობებში. მოგვიანებით, გაეროს მისია გაფართოვდა და გაცილებით მეტი სფერო მოიცვა, როგორიცაა, გარდამავალი ინიციატივები, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, სოფლად განვითარება, კლიმატის ცვლილება, განათლება, ჯანდაცვა, თავშესაფრით უზრუნველყოფა და მიგრაცია, ეკონომიკური განვითარება. საქართველოს განვითარების მხარდაჭერისთვის სამი ათწლეულის განმავლობაში მუშაობის შედეგად გაერო დაეხმარა ქვეყანას ადამიანური და ინსტიტუციური პოტენციალის განვითარებაში და შესაძლებლობების შექმნაში ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობისთვის.
ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ ერთობლივ მიღწევებს ბოლო 30 წლის განმავლობაში. მათ შორის ჩვენ ძალისხმევას, იმისათვის, რომ მხარდაჭერა აღმოუჩინოთ საქართველოს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში და ყველა ადამიანის, მათ შორის ბავშვების, ქალების, ეთნიკური უმცირესობების, ლგბტქი+ პირების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულების, იძულებით გადაადგილებული პირების, ლტოლვილებისა და მიგრანტების უფლებათა დაცვის გაძლიერებაში ქვეყნის ყველა კუთხეში.
გაერო ამაყობს პარტნიორობით სახალხო დამცველის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ეროვნულ ინსტიტუტებთან. ჩვენ ასევე მუდმივად ვუჭერთ მხარს კარგ მმართველობას და ხელს უწყობთ საქართველოს ეროვნულ ინსტიტუტებს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ფაქტობრივ მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების, სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და დეცენტრალიზაციის საქმეში. მნიშვნელოვანი მიღწევებია საქართველოს არჩევა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარედ 2017 წელს და გაეროს საჯარო სამსახურის ჯილდოს მინიჭება იუსტიციის სახლისთვის 2012 წელს.
დღეს, გაერო წარმოდგენილია საქართველოში იმ სფეროებში, სადაც ჩვენი გამოცდილება და რესურსები ყველაზე მეტად არის საჭირო. 2020 წლის ოქტომბერში, ჩვენ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოვაწერეთ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალ, 2021-2025 წლების ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კეთილდღეობის, ადამიანის შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობის გაძლიერება.
30 წლისთავი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, გადავხედოთ წარსულს, რათა მტკიცედ ვიაროთ წინ. ამ წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო რეალური წინსვლის მიღწევა განვითარების გზაზე. რაც შეეხება მომავალს, ჩვენი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან მიმართებით ურყევი რჩება. ჩვენ გავაძლიერებთ ერთობლივ ძალისხმევას, იმისათვის, რომ არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა და რეალური ცვლილება შევიტანოთ არასახარბიელო მდგომარეობაში მოქცეული და მოწყვლადი მოსახლეობის ცხოვრებაში იმ დროს, როდესაც COVID-19 პანდემიისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ზეგავლენამ უფრო თვალსაჩინო გახადა ბევრი ნაკლოვანება და დაფარული სოციალური პრობლემები. დღეს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობის მიმართ, რათა მივაღწიოთ მდგრადი განვითარების მიზნებს ხალხის სასიკეთოდ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - ნათქვამია გაეროს სააგენტოთა ჯგუფის განცხადებაში.