"უკრაინელ ლტოლვილებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს და თითოეულ ოჯახს დახმარების სახით ყოველთვიურად 300 ლარს ურიცხავს. პოლიტიკოსებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ, დევნილების უდიდეს ნაწილს შესაბამისი დახმარებები უკვე დაერიცხათ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
აზარაშვილის თქმით, რომ ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის „პოლიტიკურ თემებში“ გადაყვანა მიზანშეუწონელია.
"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროებისა და მათი მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ეხმარება 300 ლარით და თითოეულ ადამიანს, თუ ამის საჭიროება აქვს, 45 ლარით. მოკლედ მსურს განვმარტო, თუ საიდან მივედით ამ თანხებამდე და როგორი პრაქტიკაა დღეისათვის ეს. მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებული და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვყავს 300 000-მდე ჩვენი დევნილი თანამემამულე. ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულე დევნილებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეუწონელია და მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს", - განაცხადა აზარაშვილმა.
ცნობისთვის, გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. მათი განცხადებით 300 ლარი საკმარისი არ არის. უკრაინის მოქალაქეებთან, „ლელო“ აჭარის ორგანიზაციის წევრები მივიდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.