ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 3 აგვისტოს, 23:00 საათიდან, ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას ქუჩის გავლით, ზურაბიშვილის ქუჩაზე და თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად.
„როგორც იცით, ქეთევან დედოფლის გამზირის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა. პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები იწყება. კერძოდ, დაგეგმილია საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შექმნილი დისკომფორტის გარეშე, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა – მეტროსადგური, სკვერები და ა.შ. მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ დედაქალაქებშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.