აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სომხური შეიარაღებული ფორმირებების საარტილერიო დივიზიონი და ერთი პოსტი გაანადგურეს.
მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაჩინის რაიონში მათ პოზიციებს სომხური დაჯგუფებები დაესხნენ თავს, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა
„3 აგვისტოს დილას სომხური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებითაა განლაგებული რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ლაჩინის რაიონის მიმართულებით,“ – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო.
ცნობისათვის, ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს.