იტალიაში „პუტინის სასახლის“ არქიტექტორის აქტივები დააყადაღეს - La Repubblica

იტალიის ფინანსურმა გვარდიამ გელენჯიკთან ახლოს მდებარე „პუტინის სასახლის“ არქიტექტორის, ლანფრანკო ჩირილოს მფლობელობაში არსებული 141 მილიონი ევროს აქტივები დააყადაღა. ამის შესახებ იტალიური მედია დეპარტამენტის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება, რომელშიც ჩირილოს სახელი არ არის ნახსენები.

ჩამორთმეული ქონების სიაში შედიოდა სახლები, ვერტმფრენი, ბანკის აქტივები, ნაღდი ფული, სამკაულები, ასევე ხელოვნების ნიმუშები - La Repubblica-ს მიხედვით, პიკასოს, სეზანისა და კანდინსკის ნამუშევრები.

ფინანსური გვარდიის ინფორმაციით, დაკავება საგადასახადო სამართალდარღვევის, ფულის გათეთრებისა და აქტივების ფიქტიური გადაცემის ფაქტზე მოხდა. არქიტექტორი  2013 წლიდან 2019 წლამდე ათობით მილიონი ევროს შემოსავლის დამალვაშია ეჭვმიტანილი. პრესრელიზში ნათქვამია, რომ მან ეს სავარაუდოდ სხვა ქვეყანაში ბინადრობის ფიქტიური რეგისტრაციის დახმარებით გააკეთა.

პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრეშიის პროვინციაში რუსეთში რეგისტრირებული ვერტმფრენი აღმოაჩინეს, რომლის მიმართაც საბაჟო პროცედურები არ დასრულებულა.

ლანფრანკო ჩირილოს საქმეზე გამოძიება 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ამასთან, ინფორმაცია მისი კუთვნილი ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის დაკავების შესახებ გავრცელდა. ამ დროისთვის ლანფრანკო ჩირილოს ადგილსამყოფელი უცნობია. 

2021 წელს ალექსეი ნავალნის "პუტინის სასახლის" გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, „მედუზამ“ დეტალურად აღწერა ლანფრანკო ცირილოს რუსეთში მოღვაწეობის ისტორია. არქიტექტორი აქტიურად მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში 1990-იანი წლების დასაწყისიდან 2010-იანი წლების შუა პერიოდამდე; ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით მას რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.