ექიმმა გიორგი ნიკოლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორს, გიორგი გალდავას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„52 წლის კაცი კლინიკაში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შემოიყვანეს. დაზიანებულია მარჯვენა მხრის ძვალი. ასევე კიდევ ერთი შემავალი ჭრილობა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები. განხორციელდა ასევე ტრავმატოლოგიის მიერ ქირურგიული ჩარევა. ამოღებულია ლითონის უცხო სხეული. ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური,“ - განაცხადა ექიმმა.
კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი გალდავა, სავარაუდოდ დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.