ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ):

ღაზის სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის: ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა – დახურულ სივრცეში.

სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.

უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.

შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში. საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში – აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაში.

BBC-ის ცნობით, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, მათ შორის არის პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაცია პალესტინული „ისლამური ჯიჰადისგან“ (PIJ) მომდინარე საფრთხეს მოჰყვა და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.