ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
აგვისტოს ომის 14 წლის თავზე, ევროპარლამენტარები საქართველოს სუვერენიტიტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართმხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
"[აგვისტოს ომი] იყო პუტინის რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო ომის პირველი შემთხვევა სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ არ მოახდინა მკაფიო და ადეკვატური რეაგირება კრემლის ამ აგრესიულ ქცევაზე. აქედან გამომდინარე, პუტინის რუსეთმა განაგრძო სამხედრო პოლიტიკა და 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში და მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია, ხოლო კიდევ 8 წლის შემდეგ დაიწყო სრულმასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ... წარსულის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება და სტიმული საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, შიდაპოლიტიკური განხეთქილების დასაძლევად და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მისაღწევად", - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები.
ამავე განცხადებაში ევროპარლამენტარები საუბრობენ რუსეთის მიზნებზე საქართველოში და ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
"რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, მაგრამ კრემლის მთავარი მიზანია საქართველოს მთელი გეოპოლიტიკური ნების ოკუპაცია, რათა საქართველო აღარ ესწრაფოდეს ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციას. ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" ლიდერების ქმედებებს და განცხადებებს, რომლებიც ჩნდება როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს შესაძლებლობას მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში", - წერია განცხადებაში.
ამასთან, ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის შემოთავაზებული 12 პირობა შესრულდეს.