ევროპარლამენტარები: აგვისტოს ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში

ევროპარლამენტარები და საქართველოს საკონტაქტო ჯგუფის წევრები აგვისტოს ომის 14 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი წერილით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს და რუსეთის მხრიდან ქვეყნის განგრძობით, უკანონო ოკუპაციას გმობენ. ევროპარლამენტარები - პეტრას აუსტრევიჩიუსი, მაიკლ გალერი, მარია კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავენ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი წამოიწყო. ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში.

ევროდეპუტატები მიესალმებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც დაადგინა რუსეთის ბრალეულობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე. ევროპარლამენტარები გმობენ რუსეთის მიერ განგრძობად უკანონო ოკუპაციას, ე.წ ბორდერიზაციას, ე.წ. პასპორტიზაცია, ისევე როგორც სხვა ნაბიჯებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიისკენაა მიმართული.

განცხადების თანახმად, რუსეთის აგრესიამ, რომელიც ძირითადად დაუსჯელი დარჩა, განაპირობა ყირიმის ანექსია 2014 წელს და გაუმართლებელი და უსაფუძვლო ომი უკრაინაში 2022 წელს.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.