თბილისის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე თბილისის 15-მდე ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე ერთ-ერთ სკვერს მიენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი.

„ეს არის ჩვენი უახლესი წარსულის ძალიან ტრაგიკული დღე, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი გმირების ქმედებები ნამდვილად არის ჩვენთვის, ყველასთვის საამაყო. შესაბამისად, თითოეული ქართველის ვალია, მათი სახელების უკვდავსაყოფად ყველაფერი გააკეთოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს პატივი და შესაძლებლობა იმისა, რომ მცირედი წვლილი შევიტანოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად. თბილისის საკრებულო ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე განახორციელებს სახელდებას და თბილისში ჩვენი 15 გმირის სახელდებას სხვადასხვა ქუჩებზე. ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ყველა გმირის სახელის უკვდავსაყოფად განვახორციელებთ სახელდებას“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

აღნიშნული ინიციატივას ხვალ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.


ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.

ასევე წაიკითხეთ:

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.