საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკითხი, რომლის საფუძველზეც 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, შესაბამისად, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.

ასევე, განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით, ორ კომპანიას საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა.