ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბიძინა ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში, - ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული კომპანია "ემ ქეი დი" Credit Suisse-სთან მიმდინარე დავაზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბანკო ტრასტები ივანიშვილის უფლებებს არღვევენ და ამასთან, კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს აღარ პასუხობენ.
"საინფორმაციო განახლება კრედიტ სუისს-ის მხრიდან განგრძობადი დარღვევის შესახებ
მოგეხსენებათ, საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას კრედიტ სუისს-სთან ურთიერთობისა და ბანკის მიერ ბ-ნი ივანიშვილის მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ.
ამჯერადაც, განახლების სახით გაცნობებთ შემდეგს, კერძოდ, კრედიტ სუისს-ის ორი საბანკო ტრასტის მხრიდან დარღვევებზე: ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან - ორი თვე. საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს. შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.