უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების ფაქტი რუსეთმა შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს.

 

თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება.

ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროდრომზე ავიაგამანადგურებლების მე-3 პოლკი იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ძირითადად არიან თვითმფრინავები Su-30SM, Su-33 და ბომბდამშენები Su-24M.