პენტაგონის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ანტისარადარო რაკეტები გაუგზავნა. CNN-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავდაცვის დეპარტამენტმა აღიარა აქამდე უცნობი რაკეტების მიწოდების შესახებ, რაც შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსულ სარადარო სისტემებზე დასამიზნებლად.
თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალიმ არ დააზუსტა რაოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას AGM-88 ტიპის მაღალსიჩქარიანი ანტი-რადიაციული რაკეტა (HARM) მიაწოდა. მას აქვს 30 მილზე მეტი მოქმედების მანძილი, რაც აშშ-ის საჰაერო ძალების თანახმად, ერთ-ერთ უფრო შორი მოქმედების იარაღად აქცევს, რომელიც აშშ-მ უკრაინას დღემდე მიუწოდებია.
რაკეტების გამოყენება შესაძლებელია რუსულ საზენიტო სარადარო სისტემებზე დასამიზნებლად, როგორიცაა S-400, რამაც ძალიან გაართულა უკრაინის საჰაერო ძალების მოქმედება.
რაკეტებს შეუძლიათ დამიზნება რუსული კონტრ-ბატარეის რადარებზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინულ არტილერიაზე დასამიზნებლად იყენებს. კოლინ კალიმ აღნიშნა, რომ ეს დახმარება ერთ-ერთ ნოლო პაკეტში შედიოდა.
9 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ აშშ-მ უკრაინას დამატებით $1მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. აშშ-ის მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ღირებულებამ $9,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.
პენტაგონში აცხადებენ, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან იმუშავებს, რათა უკრაინას საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა გადასცეს.