რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას სახლში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მის წინააღმდეგ საქმე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით აღიძრა. ამის შესახებ ოვსიანიკოვამ სოციალურ ქსელში დაწერა. საუბარია მის მიერ რამდენიმე თვის წინ კრემლის სიახლოვეს გამართულ აქციაზე, რომლითაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დაგმო.
შეგახსენებთ, რომ რუსული „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, ჯერ კიდევ მარტში მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა. ოვსიანიკოვა დააკავეს და "არაკოორდინირებული აქციის მოწყობისთვის" 30 000 რუბლით დააჯარიმეს.
„პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?..“ - ამ შინაარსის ბანერით ხელში კი,
მარინა ოვსიანიკოვამ კრემლთან ერთკაციანი აქცია ივლისში გამართა.