იაპონიის მთავრობის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ფუმიო კიშიდამ 10 აგვისტოს ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ოფიციალურად გამოაცხადა. იტყობინება იაპონური ტელეარხი NHK.
არხის ცნობით, კიშიდა იმედოვნებს, რომ ცვლილებები მას ქვეყნის შიდა პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. მათ შორისაა COVID-19-ის ახალი ტალღა, ფასების ზრდა და ასევე დაძაბულობა უკრაინასა და ტაივანში.
ცვლილებების შედეგად ადგილებს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეინარჩუნებს: საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში, ფინანსთა მინისტრი სუნიჩი სუზუკი და მათ გარდა კიდევ სამი მინისტრი. მთავრობაში ხუთი ყოფილი მინისტრი იქნება.
მანამდე, კიშიდამ იაპონიის მთავარი მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDP) ახალი ხელმძღვანელობა დაასახელა. პარტიის ვიცე-პრეზიდენტად ტარო ასო დარჩება, გენერალური მდივნის მთავარ პოსტს კი ტოშიმიცუ მოტეგი შეინარჩუნებს.
ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი კოიჩი ჰაგიუდა, პოლიტიკური კვლევების საბჭოს თავმჯდომარე გახდება.
ცნობისთვის, სინძო აბეს მკვლელობის შემდეგ, მოქმედი პრემიერისა და მთავრობის მიმართ მოსახლეობის ნდობა იკლებს. ბოლოს ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ფუმიო კიშიდას რეიტინგი 46%-მდე დაეცა, რაც მისი მმართველობის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.