ევროპის შვიდ ქვეყანაში ათობით სუპერმარკეტი კიბერშეტევის სამიზნე გახდა

ბელგიასა და ლუქსემბურგში დაახლოებით 40 Delhaize-ს სუპერმარკეტი დაზარალდა, ხოლო შვედეთში, ირლანდიაში, ნიდერლანდებში, ესტონეთსა და ფინეთში - მცირე რაოდენობის მაღაზიები. BBC წერს, რომ სავარაუდოდ, იგივე მეთოდი გამოიყენეს, რომელიც გასულ თვეში ასობით ფრანგულ სუპერმარკეტს შეეხო.


როგორც იმ დროს ადგილობრივი მედია იუწყებოდა, ოქტომბერში მილიონობით ევროს ღირებულების სურსათის გადაყრა გახდა საჭირო.


კომპანია Sabcobel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან მულანსმა საინფორმაციო სააგენტო Belga-ს განუცხადა, რომ მომხდარი კიბერშეტევა იყო და რომ კომპანია „მთელი ღამისა და დილის განმავლობაში მუშაობდა, რათა დაზარალებული მოწყობილობები ქსელიდან გაეთიშა.“ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის რამდენიმე მაღაზიაში საყინულეების ტემპერატურამ 50°C-მდე (122°F) აიწია.


ევროპის მასშტაბით სუპერმარკეტების უმეტესობა ინტერნეტთან არის დაკავშირებული, რაც ტექნიკური მომსახურებისა და ხარვეზების დისტანციურად აღმოფხვრის საშუალებას იძლევა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.


აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ხელისუფლება ჯერ კიდევ იკვლევს აგვისტოში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სამაცივრე სისტემების გაუმართაობის მიზეზებს; ამავდროულად, ისინი ფრანგ კოლეგებთან ერთად მუშაობენ იმის დასადგენად, შესაძლოა თუ არა, რომ ეს ინციდენტები ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. ბელგიისა და შვედეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა უწყებებმა განაცხადეს, რომ მომხდარს აკვირდებიან.


დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა (NCSC)კი განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან და შესაბამის სექტორთან თანამშრომლობს, რათა „ინციდენტის დეტალები სრულად გაარკვიოს“. გაერთიანებულ სამეფოში მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.