ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, სულ მცირე შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა, რასაც ახალი სატელიტური ფოტოები ადასტურებს. CNN-ის კვლევამ დაადგინა, რომ ეს შესაძლოა, მოსკოვის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთ დღეში ყველაზე დიდი დანაკარგი იყოს.
გრიფიტის აზიის ინსტიტუტის თანამშრომელმა და ავსტრალიის საჰაერო ძალების ყოფილმა მფრინავმა, პიტერ ლეიტონმა თანამგზავრული ფოტოები შეისწავლა, რომელზეც ნაჩვენებია საკის საჰაერო ბაზა აფეთქებებამდე და მის შემდეგ. მისი შეფასებით, განადგურებულია სუ-24 ბომბდამშენები და სუ-30 მრავალფუნქციური გამანადგურებლები. ლეიტონმა აღნიშნა, რომ კიდევ ორი სამხედრო თვითმფრინავი დაზიანდა. სატელიტური ფოტოები ასევე აჩვენებს, რომ აფეთქებების შედეგად, საჰაერო ბაზის ნაწილის გარშემო საფარი დაიწვა.
უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა.