- რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებამდე 4 საათით ადრე
ამის გასარკვევად სხვადასხვა წყარომ სატელიტური ფოტოები 9 აგვისტოს გაავრცელა.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს აეროდრომი საკვანძო ადგილია რუსული ავიაციისთვის. აეროდრომზე ავიაგამანადგურებლების მე-3 პოლკი იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ძირითადად არიან თვითმფრინავები Su-30SM, Su-33 და ბომბდამშენები Su-24M. სატელიტურ ფოტოზე წარმოდგენილია სულ მცირე ათეული მოერიშე და 14 სუ-24 ბომბდამშენი. აეროდრომზე საწყობებიც ჩანს.
Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.
შეგახსენებთ, Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, აფქეთებების სერიისას დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. ამავე დროს, უკრაინის ოფიციალური პირები აფიქსირებენ, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის და ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო, ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება.
უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან.