დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწევს და ოპერაცია ბევრი მიმართულებით ჩაუვარდება.
მისივე თქმით, რუსეთმა ვერ მიაღწია თავდაპირველ მიზნებს უკრაინაში, ხოლო დასავლეთი აგრძელებს კიევის მხარდაჭერას.
„იწყება რუსეთის დამარცხება ბევრი მიმართულებით. მათ აქამდე ვერ მოახერხეს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე ოკუპაციის მიზანს მიაღწევენ“, - აღნიშნა უოლესმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი გააორმაგებს მაღალი სიზუსტის M270 MLR სისტემების რაოდენობას და მიაწვდის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას, რომელსაც სამიზნეებზე დარტყმა 80 კმ-მდე მანძილზე შეუძლია.
უოლესმა ასევე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის მიერ შექმნილ ფონდზე, რომელიც მიზნად ისახავს თანხის მოძიებას უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად და აღნიშნა, რომ ნორვეგიამ, დანიამ და სხვა ქვეყნებმა უკვე შეიტანეს წვლილი ამაში. უკვე მოზიდული თანხა კი, დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 350 მილიონი ევრო ფონდში ბრიტანეთიდან შევიდა.