იაპონიის ელჩი იმამურა აკირა მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია

იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავზე, 11 აგვისტოს, მაშინ როდესაც იაპონიაში მთის დღე აღინიშნება, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.

„კავკასიონის ულამაზესი მთებით შემოსაზღვრულ ადგილას, მან ხაზი გაუსვა მთის საკვანძო როლზე ჩვენი პლანეტის გადარჩენისათვის აუცილებელი ეკოსისტემისა და მომსახურების შექმნაში.

მოგზაურობის დროს ელჩი მესტიის მუნიციპალიტეტის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა, რომელმაც გაუზიარა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებზე და არსებულ გამოწვევებზე. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი მესტიის მერთან ერთად ეწვია უშგულს, რომელმაც თავისი ისტორიით, კულტურული თავისებურებებით, უნიკალური არქიტექტურითა და ულამაზესი ბუნებით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმისა და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის მონახულება, რომლის სიამაყეა ეთნოგრაფიული ექსპონატები, შუა საუკუნეების ხელნაწერებისა და ხატების კოლექცია. მოგზაურობის განმავლობაში ელჩი გაეცნო სვანურ კერძებს, მუსიკას და ცეკვას.

ელჩმა, ასევე დაათვალიერა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მინი გრანტების ფარგლებში დაფინანსებული ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავს საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს. გამოფენა ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს-ს „ემ თი ეი“ მიერ. საგამოფენო სივრცე ფართო აუდიტორიას 17 აგვისტოდან უმასპინძლებს.

ვიზიტის გამორჩეული ნაწილი იყო შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრობა, რომელიც 2019 წელს იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ეს არის პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი მუნიციპალიტეტში, რომელიც მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის 100 მდე შშმ პირს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.