2021 წელს საქართველომ ევროკავშირისგან მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის საგრანტო დახმარება მიიღო. ეს აჩვენებს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს. ამის შესახებ ნათქვამი ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშში, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა.
„ევროკავშირმა კვლავ განაგრძო ევროპის გუნდის (Team Europe) მიდგომა COVID-19 პანდემიის დასაძლევად, მათ შორის მჭიდრო და რეგულარული დიალოგის საშუალებით წევრ ქვეყნებთან კოორდინაციისა და წარმატებული ერთობლივი ძალისხმევის უზრუნველსაყოფად.
შესაბამისად, 2021 წლის საქართველოს მხარდაჭერის პრიორიტეტები ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ მედეგობის შესახებ ხელშეკრულების (Resilience Contract) განხორციელების გაგრძელებაზე (საბიუჯეტო დახმარება 75 მილიონი ევროს ოდენობით), არამედ მისი თანმდევი მედეგობის პროგრამის (Resilience Facility) ფარგლებში დამატებითი ღონისძიებების განხორციელებაზე (12.7 მილიონი ევროს ღირებულებით).
ეს დამატებითი ღონისძიებები მიმართულია შემდეგ სფეროებზე: გარემოს დაცვა, ჯანდაცვის სისტემის რეფორმა (ტელემედიცინა) და სოციალური დაცვა (ახალი სოციალური კოდექსის
შემუშავება).
გარდა ამისა, 2021 წელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს რვა არსებითი გრანტი გადაეცა, რომელიც მოიცავს ზედამხედველობას, გენდერს, ადამიანის უფლებებს და შესაძლებლობების განვითარებას, და ასევე მხარს უჭერს ამ ორგანიზაციებს COVID-19 პანდემიის უარყოფითი შედეგების დაძლევაში.
კიდევ ერთი პრიორიტეტი იყო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზისა და "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის" (EU 4 Integrated Territorial Development) პროგრამის ფარგლებში ძირითად პროექტებთან კონტრაქტების გაფორმება, რაც შესრულდა ისე, როგორც იყო დაგეგმილი. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა შეასრულა თავისი ვალდებულებები საბიუჯეტო დახმარების კუთხით, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გადმოირიცხოს.
საბიუჯეტო დახმარების ხუთი პროგრამის ფარგლებში 46 500 000 ევროდან (ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა) გაიცა 34 750 000 ევრო.
COVID-19 პანდემიის გამკლავებასთან დაკავშირებული ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის 2020-2021 წლებში 150 მილიონი ევრო გახდა ხელმისაწვდომი. პირველი ტრანში (75 მილიონი ევრო) 2020 წლის ნოემბერში გაიცა. საქართველოს მთავრობამ მეორე ტრანშის (75 მილიონი ევრო) მოთხოვნისგან თავი შეიკავა“, - წერია დოკუმენტში.