სანქციების გამო, გერმანიას ათი რუსული თვითმფრინავი ვერ ტოვებს

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ათი რუსული თვითმფრინავი გერმანიის აეროდრომებზე რჩება. DW-ს ცნობით, ძირითადად საუბარია საქმიანი მიზნით გამოსაყენებელ თვითმფრინავებზე ან ჩარტერულ ფრენებზე.

კერძოდ, თვითმფრინავები გაჩერებულია ლაიფციგში, კიოლნში, ფრანკფურტსა და ბადენ-ბადენში. გარდა ამისა, RND Group-ის თანახმად, Airbus A320 თვითმფრინავი, რომელიც ოდესღაც იჯარით იყო გაცემული რუსული გადამზიდავის მიერ, მიუნხენშია გაჩერებული.

ეს თვითმფრინავები ქვეყანას სანქციების გამო ვერ ტოვებენ. გერმანიამ რუსული თვითმფრინავებისთვის ცა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ ჩაკეტა.

გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ რუსულ თვითმფრინავებს შეუძლიათ, მიიღონ მხოლოდ ძირითადი ტექნიკური მომსახურება. აკრძალულია ნებისმიერი სხვა ზომა, ისევე როგორც სათადარიგო ნაწილების მიწოდება.

Reuters-ი 9 აგვისტოს იუწყებოდა, რომ რუსულმა ავიახაზებმა, მათ შორის „აეროფლოტმა“, სანქციების გამო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყო.