ვლადიმერ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაფართოება სურს

რუსეთი პირობას დებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოებს. 

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილ წერილში წერს და ქვეყნის განთავისუფლების დღეს ულოცავს. „ჩემი ნაბიჯი ორი ქვეყნის ინტერესებს პასუხობს. ჩემი მიზანია, დაკმაყოფილდეს ორი ქვეყნის ხალხების ინტერესები და წვლილი შევიტანოთ კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“, - წერს პუტინი.

პუტინისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში კი, კიმ ჩენ ინი წერს, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის მეგობრობას საფუძველი, მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიაზე გამარჯვებით ჩაეყარა.

13 ივლისს რუსულმა მედიამ, ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ ოფიციალურმა ფხენიანმა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ქვეყნის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.