სომხეთის მთავრობა ერევანში, სურმალუს სავაჭრო ბაზრობაზე კვირას მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გლოვის დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მთავრობა გლოვის თარიღს გადაწყვეტს მას შემდეგ, რაც აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაო დასრულდება.
აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოში სულ 350 მაშველი მონაწილეობს, მათ 150-მდე მოხალისე ეხმარება. დაშავებულთა საერთო რაოდენობა 61-ს შეადგენს. აქედან თორმეტი მკურნალობას სხვადასხვა საავადმყოფოში განაგრძობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენები გაწერეს. ასევე, ნანგრევებიდან ამოყვანილია 21 მანქანა.