2008 წლის ომი და ოკუპაცია - რა საკითხები განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე

გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, როზმარი დიკარლო, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის, ასევე, საბჭოს მომავალი წევრების - იაპონიის და მალტას წარმომადგენლები.

ხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი;

დაგმეს რუსეთის უკანონო შეჭრა და სამხედრო ყოფნა საქართველოს განუყოფელ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემო, მათ შორის ისეთი უკანონო ქმედებები, როგორიც არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები და გატაცებები, თავისუფალი გადაადგილების შეფერხება, ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დაკეტვა, გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვა.

განცხადებაში მხარეებმა გაიხსენეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთი, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე.

„ღრმად შეშფოთებულნი ვრჩებით, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის არცერთ საერთაშორისო მექანიზმს არ მიეცა აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეუფერხებელი წვდომა. ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ადამიანის უფლებათა მექანიზმებს, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, მიეცეთ [ამ რეგიონებში] დაუყოვნებლივი, შეუფერხებელი შესვლის შესაძლებლობა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია საჭიროებაში მყოფი ყველა სამოქალაქო პირისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის გადაუდებელი აუცილებლობა. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების პირობების შექმნის საჭიროება.

განცხადებაში ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები აღინიშნავენ, რომ რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ერთგულნი და მხარს უჭერენ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში უწყვეტ შეხვედრებს, როგორც ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად, ასევე რუსეთ-საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გამოწვევებზე საპასუხო, მნიშვნელოვან ფორმატებს.

„ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, რაც მოიცავს გაეროს წესდებას და ჰელსინკის დასკვნით აქტს, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

  • აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაყოვნების გარეშე გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

„კვლავ ვიმეორებთ 14 წლის მოწოდებას რუსეთის მისამართით, რომ უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცეს ორივე რეგიონში შესვლის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თავის მხრივ, ამერიკის ხმის ინფორმაციით, შეხვედრაზე ნათქვამი იყო, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იყო კრემლის აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი არამხოლოდ მეზობელი ქვეყნების, არამედ, ევროპის უსაფრთხოების მიმართაც.

„საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს, იყო საწყისი აგრესიული ტენდენციისა რუსეთის პოლიტიკაში, მის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ეს არის გზა, რომელიც რუსეთმა განაგრძო.

ჩვენ მტკიცედ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენტიტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევებს.
ვგმობთ რუსეთის უკანონო შეჭრას საქართველოში და სამხედრო მობილიზებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე, იქნება ეს აფხაზეთი თუ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვგმობთ რუსების მცდელობას, რომელიც ამ რეგიონების ანექსიისკენ არის მიმართული“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს გაეროში ალბანეთის ელჩმა ფერიტ ხოჯამ გააცნო.

  • კიდევ ერთი საკითხი რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოზე იყო განხილული ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებია. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე სრულად პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

ამერიკა და პარტნიორი სახელმწიფოები გაეროში მოუწოდებენ კრემლს, გამოიძიოს და დასაჯოს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც უკრაინაში არაპროვოცირებული, გაუმართლებელი რუსული ომის პარალელურად მიმდინარეობს. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, მართავს სამხედრო წვრთნებს, მიმდინარეობს ეთნიკური წმენდა გალსა და ახალგორში.

ადგილობრივებს არ ეძლევათ საშუალება ისწავლონ მშობლიურ ენაზე. ხდება ადამიანების გატაცება და ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით მათი დაკავება. ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები. ამ დრომდე დასჯილი არ არიან დამნაშავეები".

ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ეფექტურად აკონტროლებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და სწორედ ამიტომ ის არის პასუხისმგებელი არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე,  - თქვა ელჩმა ხოჯამ.

გაეროში ამერიკის, საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლობის აზრით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და შესრულდეს 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გაერო მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს მის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სახელმწიფოებად აღიარება.

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემაც. დიმიტრი პოლიანსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოსთან დაკავშირებული კრემლის რიტორიკა. მან მიანიშნა, რომ გაეროში რუსეთის წარმომადგენლობა წინააღმდეგი იყო უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განხილულიყო.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოში რუსეთის შეჭრა და ოკუპაციის საკითხი ბოლო მომენტში დაემატა, რამაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობაში გაურკვევლობა და უკმაყოფილება გამოიწვია.