ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ნაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.