რუსეთის საელჩომ შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემის შესახებ, განცხადებით მიმართა.
სერგეი ლავროვს დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში, აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეში მონაწილეობა სურს.
„აშშ-ში რუსეთის საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ შეასრულონ იმ ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა და ვიზები სერგეი ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრის სახელზე, დაუყოვნებლივ გასცენ“, - განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
ელჩის თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ შეუქმნა სირთულეები რუსულ მხარეს სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით, მათ შორის გაეროს მეშვეობით.
ანტონოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტისას, გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე, რუსეთის დელეგაციის სრული მონაწილეობის საკითხს დააყენებს.