ანტონიო გუტერეში: შავი ზღვის პორტების განბლოკვის შემდეგ, სურსათის ბაზრები სტაბილიზაციას იწყებენ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ არსებობს ნიშნები, რომ გლობალური სურსათის ბაზრები სტაბილიზაციას იწყებენ.

„უკრაინელი ფერმერების მიერ წარმოებული 560,000 ტონაზე მეტი მარცვლეული და სხვა საკვები მიემართება მთელ მსოფლიოში”, - აღნიშნა გაეროს გენმდივანმა.

გუტერეშმა თქვა, რომ ხორბლის ფასი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ 8%-ით დაეცა, თუმცა მიწოდების ჯაჭვები კვლავ შეფერხებულია და ენერგიისა და ტრანსპორტირების ხარჯები მაღალია.

მისივე თქმით, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასუქების გლობალურ ბაზარზე არსებული ქაოსის გამოსწორება, რომელიც ახლა მომავალ სეზონს ემუქრება“.


უკრაინისა და რუსეთის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის შავი ზღვის პორტების განბლოკვის შესახებ, რომელიც გაეროს და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში გაფორმდა.

მხარეებმა დღეს მარცვლეულის ექსპორტის საკითხი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული არასტაბილური ვითარება განიხილეს და თითქმის ექვსთვიანი ომის დასასრულებლად საჭირო ძალისხმევაზე იმსჯელეს.

სამმხრივ სამიტს წინ უძღოდა უკრაინისა და თურქეთის პირველი პირების ორმხრივი შეხვედრა. ზელენსკი ასევე შეხვდა გაეროს გენმდივანს.