უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა „მარცვლეულის დერეფნისა" და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული შანტაჟის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Telegram -ზე დაწერა.
„ჩვენ შევთანხმდით, გავაგრძელოთ კოორდინაცია „მარცვლეულის ინიციატივის“ განხორციელებაში. განვიხილეთ ამ საკითხის განვითარების შესაძლო მიმართულებები. ასევე, უკრაინელების უკანონო და იძულებითი დეპორტაციის საკითხები, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა და ექიმების ტყვეობიდან გათავისუფლება", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მხარეებმა შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული შანტაჟის თემას.
„აგრესორის ამ მიზანმიმართულ ტერორს შეიძლება, ჰქონდეს გლობალურ დონეზე კატასტროფული შედეგები. ამიტომ, გაერომ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული გათავისუფლება რუსული ჯარისგან", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
ანტონიო გუტერეში ლვოვში 17 აგვისტოს ჩავიდა.
შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი სტამბოლში ჩავა.